საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

მალხაზ ნაკაშიძე

პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა. თავდაპირველად ქვეყანას განაცხადის წარდგენა განზრახული ქონდა 2024 წლისთვის, თუმცაუკრაინაში რუსეთის შეჭრამ ეს პროცესი დააჩქარა. ევროკავშირის წევრობაზე თვითსეფასების კითხვარის პირველი ნაწილი[1]  საქართველოს გადაეცა 2022 წლის 11 აპრილს,[2]ხოლო მეორე ნაწილი[3] 29 აპრილს.[4] საქართველოს მთავრობამ პასუხი ევროკავშირის წევრობის შესახებ კითხვარის პირველ ნაწილზე 2022 წლის 3 მაისს,[5] ხოლო მეორე ნაწილზე 10 მაისს წარადგინა.[6] ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი შედგებოდა 369 კითხვისგან და შეეხებოდა დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, საჯარო მმართველობას, ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო ვალდებულებებს, რეგიონულ და ეკონომიკური საკითხებს. კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც 2300-მდე კითხვისგან შედგებოდა, შეეხებოდა დარგობრივ საკითხებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას. კითხვარის მიზანია ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება, რაც მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას.[7] არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას, კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა შედარებით მოკლე დროში მოუხდა.

საქართველოს აქვს ევროკავშირთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება, თუმცა ამ ურთიერთობაში განსაკუთრებული ეტაპი იყო 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ამოქმედება.[8] ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ, განისაზღვრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებს ძირეული რეფორმების განხორციელებას ბევრი მიმართულებით. შეიძლება ითქვას რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე 2021 წელს ჩამოყალიბებულ ასოცირებული ტრიოს მონაწილე უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით. თუმცა საქართველოს მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა და როგორ მიმდინარე პროცესები მიუთითებს, შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსხვავებული პირობებით მოხდეს საქართველოსთვის. ევროკავშირში ამგვარი პოზიციის ჩამოყალიბება არის ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე ასეთ პოზიციაზე გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საქართველოს ხელისუფლების არაცალსახა, პასიურმა პასუხმა, რის გამოც ათასობით საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა ძლიერი პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ.[9]

საქართველოს მიმართ შენიშვნები წლების განმავლობაში გამოითქმოდა ევროკავშირის მხრიდან, რაც ქვეყნდებოდა ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიურ ანგარიშებში და კარგად იყო ცნობილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.[10] ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ასევე პერიოდულად აისახებოდა ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრების მიერ მომზადებულ ანგარიშებში, ევროპარლამენტართა, ევროკომისიის სხვადასხვა მოხსენებებში თუ განცხადებებში. ერთ-ერთი ასეთი ბოლო ანგარიში გამოქვეყნდა 2022 წელს,[11] რომელიც მომზადებულია ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ. ამ ანგარიშში გამოთქმული იყო სერიოზული შენიშვნები საქართველოს მიმართ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა რომ იგი არ არის ევროპარლამენტის ოფიციალური პოზიცია.[12] ანალოგიური ანგარიში იყო მომზადებული ასევე 2018 წელს და იმ დროსაც საქართველოს მთავრობას თითქმის ანალოგიური პოზიცია გააჩნდა.[13]

საქართველოს მიმართ გამოთქმული შენიშვნები ყოველთვის ემსახურება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც ქვეყანას გააჩნია კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. მსგავსი ანგარიშების მომზადება, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. თუმცა საქართველოს მთავრობა ყოველთვის კონსტრუქციულად არ უდგებოდა ევროკავშირის რეკომენდაციებს და პირიქით, ხშირად თავად ევროკავშირს აკრიტიკებდა. მაგალითად, ევროკავშირის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“ „თუ მათ (ევროპარლამენტარებს) აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ“.[14] უფრო მეტიც, მან თქვა, რომ „სასამართლო რეფორმის 4 ტალღა გავატარეთ, რამაც რეალურად ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა ეს სისტემა. საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ დღეს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას“.[15]

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკა უკავშირდებოდა რეფორმებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უნდა განეხორციელებინა 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების[16] თანახმად, რომელიც მმართველმა პარტიამ 2021 წლის ივლისში დატოვა და განაცხადა, რომ შეთანხმება უკვე შეასრულა.[17] გარდა ამისა, 2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, უარი განაცხადა ევროკაშირის 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე, როცა განაცხადა, რომ თითქოს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა და სურს საგარეო ვალი შეამციროს.[18] ამავე დროს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, ქართული ოცნება ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე უარის სანქციად შეფასება იქნება სრული სპეკულაცია.[19] მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება რეალურად რეფორმების შეუსრულებლობას უკავშირდებოდა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა კიდეც რომ შეთანხმების მიხედვით, მაკროფინანსური დახმარების გაცემისწინაპირობას რეფორმების განხორცილება წარმოადგენდა.[20] ამ პერიოდიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გრძელდებოდა კრიტიკა ევროკავშირის მისამართით, მთავრობა არ აღიარებდა არსებულ პრობლემებს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის სფეროში.

2022 წლის 8 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „European Parliament resolution on violations of media freedom and the safety of journalists in Georgia“. ევროპარლამენტი რეზოლუციით მოუწოდებსსაქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ემუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.[21]

ევროპარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა რეზოლუციაში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს; მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში; ღრმად შემაშფოთებელია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.[22]  

ევროპარლამენტის რეზოლუციას განსხვავებული გამოხმაურება მოყვა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოქალაქეების მხრიდან. ჩვენთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელია რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც ევროპარლამენტი გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლებაყველა კრიტერიუმს შეასრულებს. მართალია ევროპარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა იგი არის ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, სადაც წარმოდგენილია 705 წევრი სხვადასხვა ევროპული პოლიტიკურ პარტიებიდან, 27 წევრი ქვეყნიდან, ასახავს პოლიტიკურ განწყობებს და გავლენას მოახდენს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებაზე. რეზოლუციაში მსგავსი ჩანაწერი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია აღებული ვალდებულებები და სახეზეა გაუარესება ქვეყანაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში.

რა რეაქცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის საპასუხოდ? სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ აღიარებდეს არსებულ ხარვეზებს და დგამდეს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად, აკეთებს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგო განცხადებებს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, და თქვა რომ „ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“, მისი თქმით, რეზოლუცია ერთგვარი მინიშნებაა, რომ, შესაძლოა, საქართველომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. „ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება“.[23] საქართველოს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა დასოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კი განაცხადა, რომ: „თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“, „კანდიდატის სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“, თქვა დეპუტატმა საუბარში და ხაზი გაუსვა რომ, „ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არგვინახავს“[24]

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ თუკი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ავხდი“. მისის განცხადებით, „კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაელოდება 23-24 ივნისს, რომ გავიგოს ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც რეალურად აქვთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენს ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს“. პრემიერ მინისტრმა რეზოლუციას „მიკერძოებული“ უწოდა და ევროპარლამენტარები გაარიტიკა, რომელთაც მისივე თქმით, გამოავლინეს „უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების“. „ეს არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს“.[25]„კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური მატარებელი… მთავარი ღერძი და გზამკვლევი, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობაა…“[26] მსგავსი პასუხი წარმოადგენს მანიპულაციას და საქართველოს მოქალაქეების წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. საქართველოს პრემიერ მინისტრს უნდა შევახსენოთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმული შენიშვნები სწორედ ასოცირების შთანმხმების შეუსრულებლობას უკავშირდება.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, ევროპარლამენტის რეზოლუცია მაინც არ ნიშნავს ევროკავშირის საბოლოოდ უარს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლებამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, რომ ერთგულია თავისი ვალდებულებების და გადადგას გარკვეული ნაბიჯები. ასეთი ნაბიჯები პირველ რიგში შეიძლება იყოს მაგალითად, რეზოლუციაში მოხსენიებული, მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამის გათავისუფლება, ასევე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემა, 5 ივლისის მოვლენების გამოძიების შედეგების წარმოდგენა, ზომების მიღება რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და სხვა. ვფიქრობ თუ შესაბამისი პოლიტიკური ნება იქნება, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია აღნიშნული ნაბიჯები გადადგას 23-24 ივნისამდე, ვიდრე ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებულია იხელმძღვანელოს ქართველი ხალხის არჩევანით, როცა ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის 83% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინეტგრაციას.[27] ასევე ქართველი ხალხის პოლიტიკური არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც 78-ე მუხლში წერია რომ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.[28] აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ბოჭავს ხელისუფლებას და ავალდებულებს იმქომედოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ქართველი ხალხის მისწრაფებების შესაბამისად, როგორც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაშია აღნიშნული.

მოკლე პერიოდში მთავრობა ვერ განახორციელებს საფუძვლიან ცვლილებებს, თუმცა მას შეუძლია სათანადო მზადყოფნა აჩვენოს. ხელისუფლებას შეუძლია მაგალითად, საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია მიიღოს ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ და დაადასტუროს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისადმი მზადყოფნა, გამოხატოს ნება, განსაზღვროს გეგმა თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უახლოეს მომავალში. რეზოლუცია შეუერთდებოდა ასევე ოპოზიცია და ეს იქნება ნათელი გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ მიუხედავად საქართველოში არსებული მძაფრი პოლარიზაციის, განსხვავებული მოსაზრებებისა, ხელისუფლება და ოპოზიცია არის ერთიანი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანის – ევროპული მომავლის მიმართ. ჩვენი მკაფიო პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მიუხედავად  პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური კუთვნილებისა. კარგია რომ 20 ივნისს იგეგმება აქცია ქ. თბილისში და მისი მთავარი გზავნილი სწორედ ეს უნდა იყოს. აქციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პარტიამ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. 2022 წლის თებერვალში, თბილისში საპროტესტი აქციაზე მოქალაქეთა მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატულმა პოზიციამ ერთი მხრივ, აიძულა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეეტანა, ხოლო მეორე მხრივ, დაანახა ევროპას ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციისადმი. თუ საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია და მოქალაქეები მოვახერხებთ ასეთი მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბებას, მას აუცილებლად ექნება გავლენა ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

მართალია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, თუმცა ვფიქრობ, პასუხისმგებლობა გააჩნია ასევე ოპოზიციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია უნდა ყოფილიყო აქტიური, ემუშავა ევროკავშირის ორგანოებთან, წევრი ქვეყნების მთავრობებთან, შეექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი და მოეხდინა მოსახლეობის გაერთიანება ერთი მთავარი მიზნის – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარშემო. სამწუხაროდ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ასეთი დღის წესრიგის შექმნა და დღესაც არ ჩანს საკმარისი ძალისხმევა ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ მომენტში.

მიუხედავად ევროპარლამენტის რეზოლუციისა, საქართველოს მთავრობის მომქმედებებისა, თავად ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველო არ განაცალკევოს ასოცირების ტრიოს სხვა წვრებისგან და არ დატოვოს კანდიდატის სტატუსის გარეშე. დღეს ალბათ არ არის დრო ვისაუბროთ ამ სამი ქვეყნიდან ვინ უკეთესად ასრულებდა თავის ვალდებულებებს, რომელმა ქვეყანამ უკეთესად განახორციელა რეფორმები და რომელი ქვეყანა უფრო მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. უდავოა რომ უკრაინის ბრძოლამ რუსეთის წინააღმდეგ, არსებითი გავლენა მოახდინა ამ პროცესზე და შექმნა განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტი, რამაც მოლდოვასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შანსი მისცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ასევე საქართველომ გადაიტანა სისხლისმღვრელი ომი რუსეთთან 2008 წელს, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების 20 % დღესაც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, გრძელდება ბორდერიზაცია, ყოველ დღე იტაცებენ და კლავენ საქართველოს მოქალაქეებს. ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საქართველო ახორციელებდა სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით და განაგრძობდა მასთან მჭიდრო თანამშრომლობას. მიუხედავად ბოლო წლებში რეფორმების პროცესში არსებული ჩავარდნებისა, საქართველომ წარსულში განახორციელა ბევრი ისეთი რეფორმა, რომელიც უკრაინისა და მოლდოვასთვის იყო მაგალითი, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ თავიანთი სახელწმიფოების ტრანსფორმაციის პროცესში. თავის მხრივ, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა უკრაინამ და მოლდოვამ სხვადასხვა სფეროში, ჩაატარა დემოკრატიული საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნები, სადაც გაიმარჯვეს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერმა პარტიებმა, ხელისუფლებას ჩამოაშორეს ოლიგარქები და მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირთან.[29]

ამიტომაც მიუხედავად საქართველოს მთავრობის დღევანდელი მოქმედებისა, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქეთა ნება და მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს თუ როგორი იმედგაცრუება და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება შეიძლება მოყვეს კანდიდატის სტატუსზე უარის უარის თქმას ქართულ საზოგადოებაში, რაც გაამყარებს მხოლოდ რუსეთის პოზიციებს. ევროკავშირმა ასევე უნდა გაითვალსიწინოს რომ საქართველოს გამოყოფა ამ პროცესისგან უარყოფითად იმოქმედებს თავად ევროკავშირის პოზიციებზე რეგიონში, სადაც რუსეთი ცდილობს ადგილის დაკავებას და თავისიგავლენის სფეროს მონიშვნას. ევროპამ ასევე უნდა გაიხსენოს თუ როგორ წაახალისა რუსეთისაგრესია საქართველოში 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის წევრობისსამოქმედო გეგმის (Membership Action Plan – MAP)  მიცემაზე უარის თქმამ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისინებით, ევროკავშირმა ასევე მკაფიო რეკომენდაციები უნდა მისცეს საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში თავისი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭო გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მისწარაფებებს და მიანიჭებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რაც ჩვენთვის არის ისტორიული შანსი დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ ადგილს – ევროპას. ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს განვითარება დამოკიდებული იქნება ქართულ საზოგადოებაზე – შევძლებთ ჩვენ ვაიძულოთ მოქმედი მთავრობა შეცვალოს პოლიტიკა თუ შევცვლით თავად ხელისუფლებას და დავუბრუნდებით ევროპული ინტეგრაციის ცალსახა, ქართველი ხალხის მიერ ნათლად გამოკვეთილ გზას.  


[1] Questionnaire, Information requested by the European Commission to the Government of Georgia
for the preparation of the Opinion on the application of Georgia for membership of the European Union, Part I, April 2022 <https://bit.ly/3MPj1jX> [12.06.2022]

[2] Georgia has received EU Membership Questionnaire, April 11, 2022, <https://bit.ly/3QllRQL> [12.06.2022]

[3] Questionnaire, Information requested by the European Commissionto the Government of Georgia
for the preparation of the Opinion on the application of Georgia for membership of the European Union, Part II, April 2022 <https://www.gov.ge/files/573_81827_881717_QuestionnairepartIIGeorgia.pdf>  [12.06.2022]

[4] საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა, 29-04-2022,<https://bit.ly/3OazEb7>  [12.06.2022]

[5] Georgia Submits First Part of Questionnaire for EU Membership May 3, 2022 <https://bit.ly/3mGyvfJ> [12.06.2022]

[6] Georgia Submits Part Two of EU Questionnaire 10/05/2022  <https://civil.ge/archives/489640> [12.06.2022]

[7]Accession criteria European Commission – Enlargement – Accession criteria, <https://bit.ly/3HjtPFS> [12.06.2022]

[8]  ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომურიენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 11/09/2014,<https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0> [12.06.2022]

[9]  Giorgi Lomsadze, Ukraine recalls ambassador from Georgia, Mar 1, 2022 <https://eurasianet.org/ukraine-recalls-ambassador-from-georgia>  [12.06.2022]

[10] Association Implementation Report on Georgia 2021 <https://bit.ly/39p3WYT> Association Implementation Report on Georgia  2020 <https://bit.ly/3xku4w5> Brussels, 30.1.2019 SWD(2019) 16 final – JOINT STAFF WORKING DOCUMENT Association Implementation Report on Georgia <https://bit.ly/3xS4S1z> Implementation of the EU-Georgia Association Agreement – European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)) <https://bit.ly/3aXS0xJ> Association Implementation Report on Georgia 2017 <https://bit.ly/3O8Zso6> Report on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)) Committee on Foreign Affairs <https://bit.ly/3aXru7J> REPORT Plenary sitting   RR\1165754EN.docx PE622.302v02-00 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)) <https://bit.ly/3QgyBbt> [12.06.2022]

[11] Association agreement between the EU and Georgia EPRS | European Parliamentary Research Service, March 2022, <https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2022/699489/EPRS_STU(2022)699489_EN.pdf> [12.06.2022]

[12]ევროპარლამენტის კრიტიკულ ანგარიშს პარლამენტში ეხმაურებიან, 05-04-2022,  <https://palitranews.ge/video/evroparlamentis-kritikul-angarishs-parlamentshi-ekhmaurebian>  [12.06.2022]

[13]Association agreements between the EU and Moldova, Georgia and Ukraine 2018<https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2018/621833/EPRS_STU(2018)621833_EN.pdf>  [12.06.2022]

[14] ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, 1 სექტემბერი 2021, <https://bit.ly/3n8ZLVw> [12.06.2022]

[15] ჩვენი სასამართლო ბევრად წინ უსწრებს EU-ს წევრების სასამართლო სისტემას – პრემიერი, 1 სექტემბერი, 2021, <https://bit.ly/3h7Hc07> [12.06.2022]

[16] სამომავლო გზა საქართველოსთვის, 2021 წლის 19 აპრილი, <https://bit.ly/3n9wCcP> [12.06.2022]

[17] „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს, 28.07.2021, <https://bit.ly/3DMpqt4> [12.06.2022]

[18] პრემიერი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის აღებისგან, 31/08/2021 <https://civil.ge/ka/archives/437861> [12.06.2022]

[19] მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლიკობახიძე აფასებს, 30-08-2021, <https://bit.ly/3h7CnEe> [12.06.2022]

[20] Charles Michel, Underlined to prime minister Gharibashvili that reforms are as needed as ever August 24, 2021 <https://bit.ly/3yLRSYc> [12.06.2022]

[21] European Parliament resolution on violations of media freedom and the safety of journalists in Georgia
(2022/2702(RSP), <https://bit.ly/3xInbpy>  [12.06.2022]

[22]Amendment 1, Anna Fotyga on behalf of the ECR Group, B9-0300/2022, B9-0302/2022, B9-0303/2022, B9-0304/2022, B9-0309/2022, RC1/Am. 1, Joint motion for a resolution PPE, S&D, Renew, Verts/ALE, ECR, Violations of media freedom and the safety of journalists in Georgia, Joint motion for a resolution Paragraph 15 a (new) <https://bit.ly/3xJ9N4x> [12.06.2022]

[23] ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“ 09/06/2022 <https://civil.ge/ka/archives/495345>  [12.06.2022]

[24] დიმიტრი ხუნდაძე – თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდათქვას – სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! „ინტერპრესნიუსთან“  <https://bit.ly/3tuVf60>  [12.06.2022]

[25] პრემიერი: თუ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ავხდი“ 11/06/2022<https://civil.ge/ka/archives/495725>  [12.06.2022]

[26] ირაკლი ღარიბაშვილი – შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით – 300-მაევროპარლამენტარმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა, 11.06.2022 <https://bit.ly/39pwJwr> [12.06.2022]

[27] ახალი კვლევით, მოქალაქეთა უმრავლესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 27/01/2022 <https://civil.ge/ka/archives/469136>  [12.06.2022]

[28] საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტო,  საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995 <https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36>  [12.06.2022]

[29] Malkhaz Nakashidze, The Association Agreement and the Implementation of Domestic Reforms towards Strengthening the Rule of Law, in Georgia, Moldova, and Ukraine, International Comparative Jurisprudence, Vol 7, No 1 (2021) p. 51-74. <https://ojs.mruni.eu/ojs/international-comparative-jurisprudence/article/view/6567> [12.06.2022]