საქართველოს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ: ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში

ინტეგრაციისკენ თუ რეფორმების სიმულაცია?

მალხაზ ნაკაშიძე – 12 ნოემბერი 2022

 

Servizzi Ewropej f’Malta

2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით. საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, თუმცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას. ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების მიზნით ქვეყნების მხრიდან რეფორმების განხორცილების მნიშვნელობას[1] და შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს,[2] მოლდოვას[3] და უკრაინის მიმართ.[4]

ამ რეკომენდაციებიდან სამივე ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოლიგარქების გავლენა პოლიტიკაზე. საერთოდ ოლიგარქიის საკითხი არ არის ახალი პოლიტიკასა და სამართალში. მასზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძირითადად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით. ტერმინი „ოლიგარქია“ გამოიყენება მმართველობის იმგვარი სისტემის აღსანიშნად, სადაც ძალიან მდიდარი პირების უმცირესობა არაფორმალურადაკონტროლებს ან ძლიერ გავლენას ახდენს სახელმწიფოს პოლიტიკაზე.[5] ოლოგარქიული მმართველობის დახასიათებისას ასევე გამოიყენება ისეთი ცნება, როგორიცაა „სახელმწიფოს მიტაცება“.[6] ამიტომაც მიიჩნევებ, რომ ასეთ ქვეყნებში დეოლიგარქიზაცია“ დამოკიდებულია კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების დეპოლიტიზებაზე, მედიის სექტორისა და ძირითადი ეკონომიკური სექტორების დემონოპოლიტიზაციაზე.[7] თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ ოლიგარქების სტატუსი, შეგვიძლია მოვითხოვოთ მათ, რომ მზად იყვნენ მიიღონ შეცვლილი ეკონომიკური, სამართლებრივი დაპოლიტიკური გარემო, რომელშიც ისინი მოქმედებენ.[8]  

წლების განმავლობაში ოლიგარქების გავლენა არის რეფორმების განხორციელების მთავარი დაბრკოლება ამ ქვეყნებში. ისინი განსაკუთრებით დიდი გავლენით სარგებლობდნენ უკრაინასა და მოლდოვაში, რაც მათ ათეული წლების განმავლობაში ნორმალური დემოკრატიული განვითარების საშუალებას არ აძლევდა. საქართველოსთან მიმართებით ეს საკითხი აქტიურად განიხილება 2012 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა.

უკრაინა არის პირველი ქვეყანა, სადაც პოლიტიკაზე ოლიგარქების გავლენის შესამცირებლად სპეციალურ კანონი „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან აცილების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია იმ პირების გადაჭარბებულ გავლენასთან, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა საჯარო ცხოვრებაში (ოლიგარქები)“ მიიღეს.[9] კანონი შემუშავებულ იქნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.[10] მართალია კანონის მიღების დროს არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ადამიანის უფლებებთან[11] მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით მისი შესაბამისობის შესახებ,[12] თუმცა კანონპროექტის ავტორების აზრით, იგი ეყრდნობოდა საერთაშორისო გამოცდილებასაც.[13] სწორედ იქედან გამომდინარე, რომ უკრაინამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ევროკომისია მას ურჩევს ანტიოლიგარქული კანონის განხორციელებას, რათა შეზღუდოს ოლიგარქების გადაჭარბებულიგავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონის განხორციელება მოხდეს სამართლებრივად გამართულად, შესაბამის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მომავალი მოსაზრებების გათვალისწინებით.

დეოლიგარქიზაციის საკითხს ევროკომისია აყენებს ასევე მოლდოვასა და საქართველოს წინაშე. ევროკომისია მიუთითებს რომ ორივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება,  ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით. საქართველოსთან მიმართებით ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დასკვნამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი.[14] ამ ეტაპზე „დეოლიგარქიზაციის“ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე ოლიგარქების პოლიტიკაზე გავლენის შემცირების მექანიზმები მხოლოდ უკრაინამ შექმნა. თუმცა გასათვალიწინებელია კიდევ ერთი გარემოება. უკრაინასა და მოლდოვაში ოლიგარქები ხელისუფლებას ოფიციალურად ჩამოაშორეს, მას შემდეგ რაც ჩატარდა ბოლო დემოკრატიული არჩევნები. უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო შემდეგ ზელენსკი გახდა უკრაინის პრეზიდენტი. მოლდოვაშიც მაია სანდუს პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო უმრავლესობა პარლამენტში, შემდეგ ის ასევე პრეზიდენტად აირჩიეს. ამ ქვეყნებში არსებობს მყარი პოლიტიკური ნება დეოლიგარქიზაციის განსახორციელებლად. საქართველოში კი მილიარდერ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია უკვე მესამე ვადით არის ხელისუფლებაში. თავად ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა, თუმცა ბევრისთვის, მათ შორის ევროკავშირშიც ეჭვს არ იწვევს, რომ ის კვლავ ინარჩუნებს გავლენას მმართველ პარტიაზე და შესაბამისად სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელება მარტივი პროცესი არ აღმოჩნდა. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ოლიგარქად პირველ რიგში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ მიაჩნიათ. საქართველოს პრემიერის თქმით, დეოლიგარქიზაცის კამპანიის მიზანი ქვეყნის მმართველობის სისტემის დისკრედიტაციაა[15], ხოლო მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ივანიშვილი არ იგულისხმება ოლიგარქში,[16] ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება მას, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება, მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციასთან.[17] მმართველი პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი საერთაშორისო სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს.[18]

ამგვარად, თავიდანვე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოყვა ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ განსხვავებულ გადაწყვეტილების მიღებას.[19] თუმცა მოგვიანებით, საქართველოს მმართველმა გუნდმა მცირედით პოლიტიკური ტაქტიკა შეცვალა[20] და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა.[21] პარტიაში განაცხადეს, რომ თარგმნიან, გადაამუშავებენ და მიიღებენ უკრაინის ანალოგიურ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რათა უპასუხონ ევროკომისიის რეკომენდაციებს. მმართველმა პარტიამ რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფები, მათ შორის დეოლიგარქიზაციის საკითხის სამუშაო ჯგუფი შექმნა,[22]  რომელმაც მოამზადა სწორედ ახალი კანონპოექტი და იგი უკვე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი? განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი ეხება „დეოლიგარქიზაციის“ საკითხს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას ემსახურება. იქვე მითითებულია, რომ კანონპროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.[23] კანონის მიზანი არის პოლიტიკოსთა, მედიისა და მსხვილი ბიზნესის შერწყმის შედეგად წარმოშობილი ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა, პოლიტიკური ძალის გამოყენებით ქონების გაზრდის თავიდან აცილება, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო სფეროებში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადამიანის ძირითადი უფლებების, დემოკრატიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა. კანონის პირველი მუხლის თანახმად[24], კანონი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება, აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას. კანონის მე-3 მუხლის განსაზღვრავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირის (ოლიგარქი) ცნებას. ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს, ამ კანონის მიზნებისთვის მიიჩნევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად): ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;  გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად ცნობის შემდეგ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდათავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.[25]

საქართველოს კანონის ეს დებულებები გადმოტანილია უკრაინის ანალოგიური კანონიდან და დღეს საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის თუ რამდენად იმოქმედებს რეალურად ეს კანონი, უპასუხებს თუ არა იგი ევროკომისიის რეკომენდაციებს. კანონის მთავარი მიზანი უკრაინაშიც და საქართველოშიც არის ოლიგარქების გავლენის შემცირება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიტიკაზე, მედიასა და ეკონომიკაზე. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში მმართველი პარტია არ მიიჩნევს რომ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რადგან ის ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას, თუმცა ჩემი აზრით, ეს ძალიან თვალსაჩინოა თუ დაავეყრდნობით დღემდე ჩამოყალიბებულ „ოლიგარქის“ ცნებას. დამატებითი მტკიცებულებები არ არის საჭირო იმისთვის რომ ვამტკიცოთ ივანიშვილი კვლავ ინარჩუნებს თუ არა გავლენას მმართველ პარტიასა და ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომაც ევროპარლამენტიც თავის რეზოლუციაში სწორედ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს ერთადერთ პირად, რომელსაც აქვს დიდი გავლება საქართველოს პოლიტიკაზე. ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი არის ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი საქართველოში, მმართველი პარტიის დამფუძნებელი და ორჯერ იყო პრემიერ მინისტრი. ხოლო პოლიტიკის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთების შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრები, მინისტრები, სხვა თანამდებობის პირები დღემდე არიან მისი თანაშემწეები, ადვოკატები, პარტნიორები საკუთარი ბიზნესიდან. მათი უმრავლესობა 2012 წლამდე პოლიტიკაში საერთოდ არ ყოფილა და ხელისუფლებაში პოზიციებს იკავებენ სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების გამო. მაგალითად, 2017 წლის მდგომარეობით, ხელისუფლებაში იყო სულ ცოტა 38 ადამიანი, ვინც ადრე მუშაობდა ივანიშვილის ან მასთან ასოცირებულ კომპანიებში.[26] ეს ვითარება მნიშვნელოვნად დღესაც არ შეცვლილა და მხედველობაშია მისაღები თუნდაც ის ფაქტი, რომ გადამდგარი პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი მეორეჯერ დაბრუნდა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო მისი და ასევე სხვა პრემიერ მინისტრების კაბინეტის შემადგენლობა წლების განმავლობაში ივანიშვილის პრემიერობის დროს დანიშნული ადამიანებით იყო წარმოდგენილი. 

ბიძინა ივანიშვილის ქონება და ფინანსური შესაძლებლობები წარმოადგენს საქართველოს ბიუჯეტის თითქმის მესამედს, რაც ნიშნავს რომ მას შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. ასეთი შესაძლებლობა ქვეყანაში სხვა არცერთ ადამიანს არ გააჩნია. ოლიგარქის ცნება გულისხმობს ვიწრო, არაფორმალური ჯგუფის მმართველობას, თავისი რესურსების წყალობით სახელმწიფოს კონტროლს ან დომინირებულ გავლენას პოლიტიკაზე და ამ განმარტებით საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული საერთაშორისო მედიაში[27] სხვადასხვა დროს.[28] მმართველი პარტიისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ცნობილია თუ ვინ არის ოლიგარქი. CRRC-საქართველოს 2022 წლის ივლისის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ყველაზე ხშირად (35%) ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის ადრესატად. ამ გამოკითხვის მიხედვით, მართალია თავად ქართული ოცნების მხარდამჭერების 51%-მა არ იცის ვის გულისხმობს ოლიგარქებში ევროკომისია, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა (60%) ვარაუდობს, რომ ევროკავშირი დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას სწორედ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს.[29]

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ოლიგარქი არ არის ყველა მდიდარი ადამიანი. ოლიგარქი არის ის ადამიანი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი, ვინც აკონტროლებს სახელმწიფოს ან ახდენს დიდ გავლენას პოლიტიკასა თუ ეკონომიკაზე. დემოკრატიულ სახელმწიფოში მიღებულია ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა კამპანიების დაფინანსებაში, მაგრამ ამავე დროს არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა საჯარო ინტერესის დაცვის და კორუფციის თავიდან აცილების მიზნით. ამის საპირისპიროდ, საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღების პროცესში ხდება ყველა მდიდარი ადამიანის ოლიგარქად წარმოჩენა, რაც შესაძლებელია მათზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად იქცეს. ამგვარად ოლიგარქებთან მიმართებით მთავარი პრობლემა არი ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც მათ შეაკავებდა. მდიდარი ადამიანები გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე ბევრ ქვეყანაში, თუმცა განსხვავება ისაა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. მათ შეიძლება გააჩნდეთ გავლენა პოლიტიკაზე, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ მთელი პოლიტიკური ძალაუფლება უკონკურენტო გარემოში და ხანგრძლივად მართონ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები.

რამდენად უზრუნველყოფს რეალურად ეს კანონი ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებას? მმართველი პარტიის მიერ თავიდანვე გამოხატული პოლიტიკური პოზიცია და კანონპროექტის შინაარსი ადასტურებს, რომ იგი ამ ამოცანას ვერ შეასრულებს. საქართველოს უნდა მიეღო დეოლიგარქიზაციის კანონი, თუმცა ქვეყნის რეალობის, კონტექსტის და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც საფუძვლიან მუშაობას მოითხოვდა. საქართველოს მმართველ პარტიას ეს არ გაუკეთებია. მათ აიღეს უკრაინის კანონი და პირდაპირ, სიტყვასიტყვით, ზოგიერთი დებულების გამოკლებით თარგმნეს ქართულად. ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინისთვის დაწერილი კანონი, სადაც ოლიგარქიული მმართველობა განსხვავდება საქართველოსგან ბევრი თვალსაზისით,[30] საქართველოში ვერ იმუშავებს.

მმართველი პარტია ამგვარად მოიქცა ორი მიზეზის გამო: პირველი, თუ კანონს პირდაპირ გადმოთარგმნიდნენ, იგი არ შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილს, და მეორე, ევროკავშირს ეტყოდნენ, რომ ჩვენ მივიღეთ ზუსტად იგივე კანონი, რომელიც უკრაინას პოზიტიურად ჩაეთვალა და შესაბამისად შევასრულეთ ევროკავშირის რეკომენდაციაც. ასეთი მიდგომა ძალიან არასერიოზულია და მხოლოდ პოპულისტური გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანი მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების ილუზიის შექმნა შეიძლება იყოს. ამგვარი მიზნის დადასტურებაა ისიც, რომ მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე იმ არგუმენტით, რომ კანონპროექტი იყო ზუსტი ასლი უკრაინული კანონისა, რომელზედაც ვენეციის კომისიას უკვე ჰქონდა გაცემული თავისი დასკვნა. მსგავსი მიდგომაც პოპულისტური პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისგან თავის არიდებაა.

თუ გავითვალისწინებთ რომ მმართველი პარტია ოლიგარქად მოაიაზრებს მხოლოდ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მფლობელებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ეს კანონი რეალურად ვერ შესრულებს დეოლიგარქიზაციის განხორციელების მიზანს. დიდი საფრთხე არსებობს, რომ იგი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმი აღმოჩნდეს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინის კანონისგან განსხვავებით, საქართველოში პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინფორმაციის საფუძველზე იღებს საქართველოს პარლამენტი. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის, მისი შექმნისა და წარმოების წესებს, ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. რეესტრის შექმნასა და წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის აპარატი.[31]

ამგვარი სისტემა შესაძლებელია პრობლემური იყოს ამ პროცესზე კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით. კანონი დეტალურად არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. თუ გავითვალისწინებთ რომ პარლამენტში უმრავლესობა ქართულ ოცნებას გააჩნია, იგი დამოუკიდებლად მარტივად მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ამ სახით კანონის მიღების მიზანი არა დეოლიგარქიზაცია, არამედ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების სიმულაციაა, რაც საქართველოს მიმართ კიდევ ერთი კრიტიკის საფუძველი გახდება ევროკავშირის მხრიდან. თუ მიღებული კანონი არ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, შესაბამისად საერთოდ ეჭვის ქვეშ დგება მისი აღსრულების საკითხი, რადგან ევროპარლამენტმა სწორედ ივანიშვილის მიმართ გამოხატა „შეშფოთება იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოსპოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ის ასრულებს“. 

მალხაზ ნაკაშიძე

ჟან მონეს პროფესორი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმი, 2022 წლის 12 ნოემბერი


[1] European Council meeting (23 and 24 June 2022) – Conclusions, Brussels, 24 June 2022 (OR. en) EUCO 24/22  <https://www.consilium.europa.eu/media/57442/2022-06-2324-euco-conclusions-en.pdf> accessed 10.11.2022

[2] Jorge Liboreiro, Why was Georgia not granted EU candidate status?  24/06/2022 <https://bit.ly/3G7LhPm> accessed 10.11.2022

[3] Opinion on Moldova’s application for membership of the European Union, Directorate-General for Neighbourhood and Enlargement Negotiations, 16 June 2022 <https://bit.ly/3hzYd65> accessed 10.11.2022

[4] Opinion on Ukraine’s application for membership of the European Union, Directorate-General for Neighbourhood and Enlargement Negotiations, 16 June 2022 <https://bit.ly/3G3SvUx> accessed 10.11.2022

[5] Wojciech Konończuk, Denis Cenușa and Kornely Kakachia, Oligarchs in Ukraine, Moldova and Georgia as key obstacles to reforms, 24 May 2017.

[6] Hellman, Joel S. (1998) “Winners Take All: The Politics of Partial Reform in Postcommunist Transitions,” World, Politics, 50: 203-234.

[7] იქვე, გვ. 22

[8] Anders Aslund, Comparative Oligarchy: Russia, Ukraine, and the United States, in: Europe after Enlargement, Edited by Anders Aslund, Institute for International Economics, Washington, DC, Marek Dabrowski, Center for Social and Economic Research, Warsaw, Cambridge University Press, 2007, p. 13

[9]The Law of Ukraine On Preventing Threats to National Security Associated With Excessive Influence by  Persons Who Wield Significant Economic and Political Weight in Public Life (Oligarchs), September 23, 2021 (Відомості Верховної Ради України (ВВР), 2021, № 51, ст.421)<https://zakon.rada.gov.ua/laws/show/1780-20#Text> accessed 10.11.2022

[10] Strasbourg, 25 November 2021 Cdl-ref(2021)086, Opinion No.1055 / 2021 European Commission for Democracy Through Law (Venice Commission) <https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-REF(2021)086-e> accessed 10.11.2022

[11] “Denisova points to violations of Constitution in bill on oligarchs, calls for sending it to Venice Commission“, Interfax-Ukraine.<https://en.interfax.com.ua/news/general/765895.html> accessed 10.11.2022

[12]Fareed Zakaria, “Bill on oligarchs creates risks for freedom of speech in Ukraine, CNN leading commentator”, Ukraine news – # Bukvy. 2021-09-13. <https://bit.ly/3UUZy71> accessed 10.11.2022

[13] Viktoriia Hubareva, De-oligarchization: how it will work in Ukraine and how it worked in the world, September 27, 2022<https://rubryka.com/en/article/deoligarchization/> accessed 10.11.2022

[14] Violations of media freedom and safety of journalists in Georgia, European Parliament resolution of 9 June 2022 on violations of media freedom and the safety of journalists in Georgia (2022/2702(RSP)) <https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2022-0239_EN.pdf) accessed 10.11.2022

[15]Deoligarchization Campaign Aimed at ‘Discrediting’ Governance System, Says PM, Civil Ge, 12/07/2022 <https://civil.ge/archives/500216> accessed 10.11.2022

[16] დეოლიგარქიზაციის ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილი არ არის ნაგულისხმები – კობახიძე, პუბლიკა, 17 ივნისი, 2022<https://publika.ge/4141-3/>  ბოლო ნახვა 10.11.2022

[17]ირაკლი კობახიძე – ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს… პირველი არხი, 06.07.2022<https://bit.ly/3UpiHgy>  ბოლო ნახვა 10.11.2022

[18] კობახიძე: ვერავითარი ირიბი და პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს 15 ივნისი, 2022, <https://tabula.ge/ge/news/687672-kobakhidze-veravitari-iribi-pirdapiri-sanktsia>  ბოლო ნახვა 10.11.2022

[19] GD Chair Sees Connection Between Joining War, EU Candidacy 06/07/2022 <https://civil.ge/archives/499699>  ბოლო ნახვა 10.11.2022

[20] ირაკლი კობახიძის განცხადება, ქართული ოცნება, 1 ივლისი, 2022<https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/2133915780145471>  ბოლო ნახვა 10.11.2022

[21]“ქართულმა ოცნებამ” EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა წარადგინა, BMG, 01 ივლისი 2022,<https://bit.ly/3fQQ6C1> ბოლო ნახვა 10.11.2022

[22] საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, <https://parliament.ge/parliament/committees/50928/documents>  ბოლო ნახვა 10.11.2022

[23] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,  <https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/310091> ბოლო ნახვა 10.11.2022

[24] საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, <https://bit.ly/3tk92fc> ბოლო ნახვა 10.11.2022

[25] საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, <https://bit.ly/3UQdfD4> ბოლო ნახვა 10.11.2022

[26] იქვე, გვ. 9

[27] Andrew Gardner, Enigmatic oligarch, Bidzina Ivanishvili has emerged from the shadows in Georgian politics, Politico, September 12, 2012 <https://www.politico.eu/article/enigmatic-oligarch/> accessed 10.11.2022

[28] Melik Kaylan, The other time Vladimir Putin swung an election, Politico, November 4, 2016  <https://www.politico.eu/article/vladimir-putin-replicates-his-georgia-model-in-the-us/> accessed 10.11.2022 

[29] საზოგადოების დამოკიდებულებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების წარუმატებელი მცდელობისშესახებ, CRRC-საქართველოს ომნიბუსის გამოკითხვა, 6 სექტემებრი 2022, On Ge, <https://bit.ly/3riUlIy >  ბოლო ნახვა 10.11.2022

[30] Wojciech Konończuk, Denis Cenușa and Kornely Kakachia, Oligarchs in Ukraine, Moldova and Georgia as key obstacles to reforms, 24 May 2017, 4-9.

[31] საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, <https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/310089> ბოლო ნახვა 10.11.2022