ევროკომისიის ანგარიშები ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) თავებთან შესაბამისობის შესახებ

ევროკომისიის ანგარიშები ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) 

თავებთან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის შესაბამისობის შესახებ

2022 წლის 2 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიშები საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis)  თავებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც განსხვავებული შეფასებები მოყვა საქართველოში. ამ ბლოგის მიზანი არ არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ამ ქვეყნების შესაბამისობის დეტალური ანალიზი, მაგრამ მოკლედ მიმოვიხილავთ რა დოკუმენტი გამოქვეყნდა და რეალურად რა სფეროებში მიღწეული შედეგები შეაფასა ევროკავშირმა.

ანგარიშებში შეფასებულია უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.[1]

ევროკომისიის ანგარიშების გამოქვეყნებას იმავე დღეს გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა:

  • შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს;
  • საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას;
  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია;
  • შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ;
  • ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი[2]

პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ თუ როგორ აფასებს ევროკავშირი ქვეყნების პროგრესს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო უნდააკმაყოფილებდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს:

– პოლიტიკური კრიტერიუმი – საჯარო ინსტიტუტების სტაბილურობა (პარლამენტი, მთავრობა, საჯარო ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა, ანტიკორუფციული პოლიტიკა), რომლებიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და უმცირესობების დაცვა-პატივისცემას.

– ეკონომიკური კრიტერიუმი – ქვეყანაში სტაბილური საბაზრო ეკონომიკის არსებობა, ევროზონაში გაწევრიანების მზაობა და ევროკავშირის კონკურენტული ეკონომიკური წნეხის გამკლავების უნარი.

– ინსტიტუციური კრიტერიუმი – ქვეყნის უნარი და ერთგულება, ეფექტიანად შეასრულოს ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესები, სტანდარტები და პოლიტიკა.[3]

2022 წლის 2 თებერვალს ევროკავშირის მიერ გამოაქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშები[4] შეეხებოდა ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) თითოეულ თავთან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის შესაბამისობას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ევროკავშირის მიერ ფასდება საქართველოს შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან სხვადასხვა დარგობრივ სფეროებში. შეფასება ხდება ძალიან დეტალურად 35 თავის მიხედვით.[5] ეს თავები არის შემდეგი:

   1) საქონლის თავისუფალი გადაადგილება

   2) მუშათა თავისუფალი გადაადგილება

   3) დაფუძნების უფლება და მომსახურების გაწევის თავისუფლება

   4) კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა

   5) სახელმწიფო შესყიდვები

   6) სამეწარმეო სამართალი

   7) ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

   8) კონკურენციის პოლიტიკა

   9) ფინანსური მომსახურება

  10) საინფორმაციო საზოგადოება და მედია

  11) სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება

  12) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა

  13) მეთევზეობა

  14) სატრანსპორტო პოლიტიკა

  15) ენერგია

  16) გადასახადები

  17) ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა

  18) სტატისტიკა

  19) სოციალური პოლიტიკა და დასაქმება

  20) საწარმო და სამრეწველო პოლიტიკა

  21) ტრანსევროპული ქსელები

  22) რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია

  23) სასამართლო და ძირითადი უფლებები

  24) მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება

  25) მეცნიერება და კვლევა

  26) განათლება და კულტურა

  27) გარემო

  28) მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა

  29) საბაჟო კავშირი

  30) საგარეო ურთიერთობები

  31) საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა

  32) ფინანსური კონტროლი

  33) ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები

  34) ინსტიტუტები

35) სხვა საკითხები

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მცირედით მეტი პროგრესი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას. მაგალითად, კანონმდებლობის 35 თავიდან ყველაზე მეტ 12 თავში (თავები 5, 32, 2, 6, 9, 16, 19, 27, 11, 13, 22, 33) შეფასება“მზადყოფნის ადრეული დონე” აქვს მოლდოვას შემდეგ მოდის უკრაინას 8 თავში  (თავები 32, 2, 7, 19, 27, 11, 13, 33) და ბოლო ადგილზეა საქართველო 6 თავთან მიმართებით (თავები 2, 8, 27, 11, 22, 33). ასევე ამთავებიდან, “მზადყოფნის გარკვეული დონე” 17 თავთან მიმართები აქვს მინიჭებული საქართველოს (თავები 24, 5, 18, 32, 1, 7, 9, 28, 10, 16, 19, 14, 15, 21, 12, 13) და მოლდოვას (თავები 24, 18, 1, 2, 4, 7, 8, 28, 10, 17, 20, 26, 29, 14, 15, 21, 12), ხოლო უკრაინას 15 თავთან მიმართებით (თავები 24, 5, 18, 3, 4, 6, 8, 9, 28, 16, 20, 26, 14, 21, 22). კიდევ ერთი შეფასება, “მზადყოფნის საშუალო დონე” საქართველოს აქვს 9 თავთან მიმართებით (თავები 3, 4, 17, 20, 25, 26, 29, 30, 31), შემდეგ მოდის უკრაინა 5 თავთან დაკავშირებით (თავები 1, 10, 17, 25, 12), და ბოლოს მოლდოვა 3 თავთან მიმართებით (თავები  25, 30, 31). და ბოლოს,“მზადყოფნის კარგი დონე” შეფასება აქვს მხოლოდ უკრაინას 4 თავთან მიმართებით (თავები 29, 15, 30, 31). საქართველოს და მოლდოვას ასეთი შეფასება არ აქვთ. ამგვარია ევროკომისიის შეფასება ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) თითოეულ თავთან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისშესაბამისობის შესახებ.[6]

საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითქოს ანალიტიკური ანგარიშებით ევროკომისიამ დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. რეალურად კი 2022 წლის 16 ივნისს ევროკომისიას არ შეუფასებია ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) თითოეულთავთან საქართველოს შესაბამისობა. გასული წლის ივნისში გამოქვეყნდა ევროკომისიის მოსაზრებაევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, თუმცა იგი მთლიანად ეხებოდა ზემოთ აღნიშნულ პირველ, პოლიტიკურ კრიტერიუმებთან საქართველოს შესაბამისობის შფასებას და ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით შეიმუშავა კარგად ცნობილი 12 რეკომენდაცია.[7] რას მოიცავდა ეს რეკომენდაციები?

კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ საკითხებს:

  • 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებსშორის თანამშრომლობის გზით;
  • უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა დაეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა;
  • მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედოგეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირებადა კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;
  • გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლად დაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმრესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  • „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ დასაზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით;
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობაუნდა იყოს გარანტირებული;
  • უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე;
  • სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;
  • გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;
  • უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;
  • მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;
  • უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციურიდამოუკიდებლობა. [8]

ამგვარად 2022 წლის 16 ივნისის ევროკომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით. საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპული პერსპექტივა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, თუმცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას. ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების მიზნით ქვეყნების მხრიდან რეფორმების განხორცილების მნიშვნელობას[9] და ამ მიზნით შეიმუშავა სწორედ რეკომენდაციები საქართველოს,[10] მოლდოვას[11] და უკრაინის მიმართ.[12]

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თავიდანვე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოყვა ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ განსხვავებულ გადაწყვეტილების მიღებას.[13] თუმცა მოგვიანებით, საქართველოს მმართველმა გუნდმა მცირედით პოზიცია შეცვალა[14] და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა.[15] მმართველმა პარტიამ რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფებიც შექმნა[16] და ამ ჯგუფების მუშაობა მთლიანად ეხებოდა ევროკომიიის 12 რეკომენდაციების და შესაბამისად კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულებას. საქართველომ უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, სწორედ პოლიტიკურ კრიტერიუმებში არსებული პრობლემების გამო ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და არა იმ საკითხებისგამო, რაზედაც ევრომისიის ანალიტიკური ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობა საუბრობს.

ამგვარად ნათელია, რომ რაც ევროკომისიამ მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოაქვეყნა, არის სხვა სფეროების შეფასება და აქ საერთოდ არ არის განხილული გასული წლის 12 რეკომენდაციის საკითხები, რაც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, დეოლიგარქიზაციას და სხვა მნიშნელოვან საკითხებს ეხებოდა. ევროკავშირს არ შეუფასებია რამდენად შეასრულა საქართველომ ის რეკომენდაციები, რისგამოც ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. საქართველოში კი ექსპერტები ფიქრობენ რომ ქვეყნის მთავრობას ეს რეკომენდაციები სრულად არ შეუსრულებია.[17]

მიუხედავად ამისა, მთავრობის პოზიცია, რომ საქართველო გასულ წელსაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, 12 პუნქტით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას, რადიკალურმა ოპოზიციამ, ენჯეოებმა, მედიამ ეს ქვეყნის არევისთვის გამოიყენეს და აშ., არის გამიზნული მანიპულაცია, და ფაქტების დამახინჯება ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრირეტიუმების მიმართულებით რეფორმების განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

რაც შეეხება საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) თითოეულ თავთან შესაბამისობას, კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო წლების განმავლობაში ბევრ სფეროში წინ უსწრებდა უკრაინას, მოლდოვას და ეს წლების წინ განხორციელებული რეფორმების შედეგია. საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) გარკვეულ თავებთან მიმართებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის. თუმცა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშები პირდაპის კავშირში არ არის საქართველოს პროგრესთან პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს საქართველომ კადიდატის სტატუსი ვერ მიიღო 12 რეკომენდაციაში განსაზღვრული პრობლემების გამო და ეს ვალდებულებები ქვეყანას ჯერ არ შეუსრულებია. ევროკომისია მოგვიანებით გამოაქვეყნებს ანგარიშს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის, პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შესახებ, საიდანაც გავიგებთ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ ამ მიმართულებით.

ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ და ასევე ქვეყანამ უნდა აჩვენოს პოლიტიკური ნება რომ არის ევროკავშირის პრინციპების ერთგული და სანდო პარტნიორი.

 

მალხაზ ნაკაშიძე,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი

ბათუმი, 2023 წლის 9 თებერვალი


[1] ევროკომისია აქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშებს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ, 02.02.2023
ბრიუსელი, დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი  <https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/ევროკომისია-აქვეყნებს-ანალიტიკურ-ანგარიშებს-უკრაინის-მოლდოვასა-და-საქართველოს_ka?s=221> ბოლო ნახვა: 08.02.2022

[2] ქართული ოცნების განცხადება, 20223 წლის 2 თებერვალი, თბილისი, საქართველო <https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/1385198152222006> ბოლო ნახვა 08.02.2022

[3] Accession criteria European Commission – Enlargement – Accession criteria, European Commission, <https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/enlargement-policy/glossary/accession-criteria_en>  accessed 08.02.2023

[4] European Commission publishes analytical reports on Ukraine, Moldova, and Georgia’s alignment with the EU acquis, Press release2 February 2023Brussels, <https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_23_123> accessed 08.02.2023

[5]Chapters of the acquis, European Commission, <https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/…/chapte…> accessed 08.02.2023

[6] European Commission publishes analytical reports on Ukraine, Moldova, and Georgia’s alignment with the EU acquis, Press release2 February 2023Brussels, <https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_23_123> accessed 08.02.2023

[7]Opinion on Georgia’s application for membership of the European Union, European Commission, June 16, 2022 <https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/opinion-georgias-application-membership-european union_en#details> accessed 08.02.2023

[8] მოხსენებითი ბარათი (memo): საქართველო, 17.06.2022, ბრიუსელი, დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი, <https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/მოხსენებითი-ბარათი-memo-საქართველო_ka?s=221> accessed 08.02.2023

[9] European Council meeting (23 and 24 June 2022) – Conclusions, Brussels, 24 June 2022 (OR. en) EUCO 24/22  <https://www.consilium.europa.eu/media/57442/2022-06-2324-euco-conclusions-en.pdf> accessed 8.02.2022

[10] Jorge Liboreiro, Why was Georgia not granted EU candidate status?  24/06/2022 <https://bit.ly/3G7LhPm> accessed 8.02.2023

[11] Opinion on Moldova’s application for membership of the European Union, Directorate-General for Neighbourhood and Enlargement Negotiations, 16 June 2022 <https://bit.ly/3hzYd65> accessed 8.02.2023

[12] Opinion on Ukraine’s application for membership of the European Union, Directorate-General for Neighbourhood and Enlargement Negotiations, 16 June 2022 <https://bit.ly/3G3SvUx> accessed 8.02.2023

[13] GD Chair Sees Connection Between Joining War, EU Candidacy 06/07/2022 <https://civil.ge/archives/499699>  ბოლო ნახვა 08.02.2023

[14] ირაკლი კობახიძის განცხადება, ქართული ოცნება, 1 ივლისი, 2022<https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/2133915780145471>  ბოლო ნახვა 08.02.2023

[15] “ქართულმა ოცნებამ” EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა წარადგინა, BMG, 01 ივლისი 2022,<https://bit.ly/3fQQ6C1> ბოლო ნახვა 08.02.2023

[16] საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, <https://parliament.ge/parliament/committees/50928/documents>  ბოლო ნახვა 08.02.2022

[17]კანდიდატის სტატუსმეტრი – ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), თბილისი, 15.01.2023 <https://grass.org.ge/ka/publikaciebi/kvleva/2325-kandidatis-statusmetri-evrokavshiris-12-pirobis-shesrulebis-mdgomareoba> ბოლო ნახვა 08.02.2023