ბავშვის უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოში

ბავშვის უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოში

მაგდა ჯაფარიძე, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სამართლებირივი სახელმწიფო. კონსტიტუციით უზრუნვრლყოფილია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.  საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ეთმობა ადამიანის ძირითად უფლებებს, სადაც 30-ე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.[1] ამ ჩანაწერის მიხედვით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ შეექმნა ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმები. ბავშვის უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბებისას საქართველო ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის სამართალს ბავშვის უფლებების სფეროში.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეუერთდა მთელ რიგ საერთაშორისო აქტებს, რათა ბავშვის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები შეექმნა. კერძოდ, 1994 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის ულებათა კონვენციას, რაც საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი გახდა. კონვენციამ აღიარა, რომ ბავშვები განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები არიან. კონვენციის პრეამბულაშივე აღნიშნულია, რომ  ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა  და ყურადღება და ყოველი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვთა უფლებები და იზრუნოს მათი საუკეთესო ინტერესებისათვის. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღებამ რადიკალურად შეცვალა ბავშვების მიმართ დამოკიდებულება და ბავშვის, როგორც დაცვის ობიექტის აღქმა. კონვენციამ აღიარა რომ ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლების მატარებელი სუბიექტები. აქედან გამომდინარე ბავშვებთან მიმართებაში ნებისმიერი საკითხი უნდა გამომდინარეობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან.

საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, ბავშვის უფლებების დაცვის მხრივ არაერთი ცვლილება განხორციელდა კანონმდებლობაში, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის და ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება. 2015 წლის 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არასრულწლოვანთა მართლმასულების კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.[2]

მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში მიღებულ იქნა, არის 2019 წლის 20 სექტემბრის ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. ასევე კოდექსის მიზანია, ბავშვის უფლბებისა და თავისუფლებების რეალიზების ხელშეწყობა, ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატეს გათვალისწინებას, მისი ღირსების დაცვა, უსაფრთხოების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე;[3]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფომ გაატარა სხავადასხვა  ღონისძიებები, ბავშვის უფლებების რეალიზაციისა და დაცვის მხრივ, ვფიქრობ  არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაცული იყოს ბავშვის უფლებები და მისი საუკეთესო ინტერესი. ამისთვის სახელმწიფომ უფრო მყარი გარანტიები უნდა შექმნას, რაც ითვალისწინებს ბავშვის როგორც უფლების მატარებელი სუბიექტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას კანონმდებლობის შემუშავების დროს. სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ღირებულებაც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა და ამ უფლებებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა.

თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებებს. არაერთი საერთაშორისო  სამართლებრივი მექანიზმი შეიქმნა ბავშვის უფლებების დაცვის მხრივ, რაც სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაშია დანერგილი. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესშია, მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება საქართველოსთვის და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შევსება. აქედან გამომდინარე პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის კვლევა და სწორი ანალიზის გაკეთება.

ვფიქრობ, ბავშვის უფლებათა სფეროში უკვე არსებული კვლევა, რომელიც ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში,[4] მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კანონმდებლობაში ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლინდა  ბევრი პრობლემა, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის მხრივ, რაც აისახება ბავშვის სხავდასხვა უფლების რეალიზაციაზე. კანონი გაკვეული სახით არეგულირებს ბავშვის უფლებებს, მაგრამ კონკრეტული უფლების რეალიზაციისას დეტალურად უნდა შეფასდეს მოსალოდნელი შედეგი.

კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ეხება პარლამენტის, მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, არ ადგენს გარანტიებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების დროული და ეფექტური გადაწყვეტისთვის. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით[5]მნიშვნელოვანია შეიქმნას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება კანონმდებლობის შემუშავების, პოლიტიკის განსაზღვრის, ბიუჯეტირების, პროგრამების შემუშავების და განხორციელების პროცესში.[6]

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, მონაწილე მხარეებს აკისრებს ვალდებულებას შექმნას ბავშვის უფლებების დაცვის გარანტიები, რაც საჭიროა ბავშვის კეთილდღეობისათვის. ბავშვების მიმართ განხორციელებულ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.[7]

სახელმწოფო ყოველთვის უნდა გამოდიოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, რაც ცხადყოფს, რომ კანონმდებლობაში ბავშვის უფლებების დაცვის გარანტიების შექმნასთან ერთად აუცილებელია სპეციალური საზედამხედველო ორგანოების ამოქმედება, რომელიც იქნება მაკონტროლებელი ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია სასამართლოს გაძლიერება, სადაც იქნება ბავშვზე მორგებული  მართლმსაჯულების სისტემა.  რაც გულოისხმობს ისეთი სისტემის არსებობას, რომელიც შექმნის ბავშვის უფლების ეფექტური განხორციელების გარანტიას, ბავშვის უფლებათა დაცვის პრინციპების, ბავშვის ინდივიდუალური განვითარების და საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით. ესაა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას სამართლიანი სასამართლო პროცესის, სასამართლო პროცესში მონაწილეობის და ინფორმირების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პატივისა და ღირსების პატივისცემის შესახებ.[8]

შეჯამების სახით შეიძლება იტქვას, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბავშვის უფლებების დაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით. ამ მხრივ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზემოთ აღნიშნული არასრულწლოვანთ ამართლმსაჯულების კოდექსის და ბავშვის უფლებების კოდექსის მიღება. ამ ორმა ნორმატიულმა აქტმა სისტემურად გააერთიანა ბავშვის უფლებების დაცვის თითქმის ყველა სფეროს რეგულირება. შემდგომი ნაბიჯი არის საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის კანონქვემდებარე აქტების დონეზე ბავშვის უფლებების დაცვის კონკრეტული წესების, მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრა და უპირველეს ყოვლისა ამ კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება. საკანონმდებლო საფუძვლების შექმნისას მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ევროკავშირის გამოცდილების შესწავლა, გაზიარება და გამოყენება. ამ მიზნის განხორციელებაში დიდი როლი ეკისრებათ უნივერსიტეტებს, სასამართლოს და ადვოკატებს.

მაგდა ჯაფარიძე

საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი

6 სექტემბერი, 2023 – ბათუმი, საქართველო


[1] საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტო, მუხლი 30, https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

[2] საქართველოს კანონი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 1, 12.05.2015 წ https://matsne.gov.ge/ka/document/view/2877281?publication=22

[3] საქართველოს კანონი, ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 1, 20.09.2019 წ  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=4

[4] ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება,  კანონმდებლობის კვლევა,გაეროს ბავშვთა ფონდი 2017.

[5] მუხ. 3,4; კომიტეტის ზოგადი კომენტარი 5 (2003) https://www.refworld.org/docid/4538834f11.html

[6] ბავშვზე მორგებული მართლმსაჯილება, კანონმდებლობის კვლევა, გაეროს ბავშვთა ფონდი 2017, https://www.unicef.org/georgia/media/1481/file/Legislative%20Analysis%20GEO.pdf

[7] ბავშვის უფლებათა კონვენცია, 1989 წ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901?publication=0

[8] ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ,

განმარტებები, გვ. 17