ევროპის დღე 2024

ევროპის დღე 2024

ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებულია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. მათ შორის გამორჩეულია ერაზმუს + თავისი გაცვლითი პროგრამებით და ჟან მონეს პროგრამა ევროკავშირის სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერის უნიკალური შესაძლებლობით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში ევროპულ უნივერსიტეტებთან მოქმედი გაცვლითი პროგრამებით. ჩვენი სტუდენტები და პროფესორები პერიოდულად მოგზაურობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
 
2020 წელს ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს პირველი კათედრა ჩამოყალიბდა. ჟან მონეს კათედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
 
ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, 2020-2023 წლებში მნიშვნელოვანი აქტოვობები განხორციელდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. ამ პერიოდში, ბსუ-ში ჩატარდა 3 საზაფხულო სკოლა, 3 სტუდენტური კონფერენცია, 8 საჯარო ლექცია და დისკუსია, 2 მრგვალი მაგიდა ევროინტეგრაციის საკითხებზე, 30 „ევროპული საუბრები“ ტელევიზიასა და რადიოსთან, მომზადდა 10 სამაგისტრო, საბაკალავრო და საკონფერენციო ნაშრომი ევროკავშირის საკითხებზე, 6 საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპაში და აშშ-ში წარდგენილი იყო მოხსენება ბსუ-ს და საქართველოს სახელით, გამოქვეყნდა 4 სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, ერთი წიგნის თავი და 1 წიგნი (ინგლისურ ენაზე) ევროინტეგრაციის საკითხებზე ქართველი და უცხოელი ავტორების მონაწილეობით. ასევე გამოქვეყნდა 20 ბლოგი ევროკავშირის საკითხებზე, საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 3 ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირის შესახებ და შეიქმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა. 2023 წელს ჩატარდა ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 100-მდე ევროკავშირის საკითხებში სპეციალიზებული ქართველი და უცხოელი პროფესორი, დოქტორანტი, სტუდენტი, ჟან მონეს კათედრების, მოდულების, წამყვანი ცენტრების წარმომადგენლები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან (საქართველო, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, მოლდოვა, თურქეთი, ისრაელი, პაკისტანი). საბოლოდ 3 წლის განმავლობაში ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის აქტივობებში მონაწილეობდა ათასზე მეტი ადამიანი (სტუდენტი, მოსწავლე, მასწავლებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელლი, მოქალაქეები) მთელი საქართველოდან, ხოლო არაპირდაპირ გაცილებით მეტი ბენეფიციარი ჰყავს პროექტს. პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალები ხელმისაწვდომია მუდმივად ვებგვერდზე http://jeanmonnetchair.edu.ge 2023 წელს ბსუ-ს სახელით წარდგენილი მეორე პროექტი, ჟან მონეს მოდული „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ მხარდაჭერილ იქნა ევროკავშირის მიერ და ჩვენს კათედრას დაემატა ზამთრის სკოლა და ახალი სამაგისტრო სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ-პოლიტიკური გამოწვევბის შესახებ.
 
ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის მხარდაჭერის, რის გარეშეც ვერ იარსებებდა ჟან მონეს კათედრა და ზემოთ მოყვანილ აქტოვობებს ვერ განვახორციელებდით. “რუსული კანონი”, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხსის ინტერესებს და ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ევროკავშირის სამართალს და მისი მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. სამწუხაროდ დღეს ბსუ-ს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს თანამშრომლობა 200-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან, და პროფესორების უმრავლესობა, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობენ ევროპაში, არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ამ კანონის წინააღმდეგ.
 
ჩვენ როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სრულად შეწყდეს ერაზმუს + პროგრამის განხორციელება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელორუსში. გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს კანონის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, სტუდენტს გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირის სამართლის საწინააღმნდეგო კანონის წინააღმდეგ.
 
9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ. შუმანის მიერ გამოცხადებულ დეკლარაციას საფუძვლად დაედო ფრანგი პოლიტიკოსის ჟან მონეს იდეები ევროპის გაერთიანების შესახებ, ხოლო მოგვიანებით ამ იდეების საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, რომელიც დღეს 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
 
ჩვენ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ბსუ-ში ყოველ წელს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. წელსაც გიწვევთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულს, მონაწილეებს, სტუდენტებს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, შევიკრიბოთ 2024 წლის 9 მაისს, 17 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ (ბულვარის მხარეს, შადრევანთან) და ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე.
 
ჩვენს შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს http://jeanmonnetchair.edu.ge და ფეისბუქის გვერდს https://www.facebook.com/EUCONST
 
პატივისცემით,
ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი,
პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე