ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოების როლი და ევროპეიზაციის პროცესი

ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოების როლი და ევროპეიზაციის პროცესი

ტატო ჯულაყიძე*

ევროკავშირი არის ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება, რომლის შექმნის სამართლებრივი საფუძველი გახლდათ ქვანახშირისა და ფოლადის ევროული გაერთიანება. 1951 წელს მოცემული ორგანიზაციისგან დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა, ხოლო 1957 წელს ე.წ. რომის შეთანხმებით ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა შეიქმნა. ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესები და პოლიტიკის მთავარი მიზნები ეფუძნება ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა: ერთიანი ევროპული აქტი (1987), მაასტრიხტის ხელშეკრულება (1992), ამსტერდამის შეთანხმება (1997), ლისაბონის ხელშეკრულება (2007).[1] ევროპის კავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის საკმაოდ განვითარებული გაერთიანება, რომლის წევრია 27 სახელმწიფო, სადაც მიღებულია 24 ოფიციალური ენა, რაც ვრცელდება შენგენის ზონასა და ევროზონაში.

ევროკავშირი მნიშნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში მშვიდობისა და სუაფრთხოების სფეროში, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც არის ის რომ  2012 წელს ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.[2] საინტერესო და მნიშნელოვანია ევროკავშირის სიმბოლოები, რაშიც არის გამოხატული მისი მთავარი ღირებულებები. ევროპის კავშირის  დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”, ხოლო ჰიმნი არის ლუდვინგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი ,,ოდა სიხარულს”. ევროკავშირის დროშა არის ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობა. ევროკავშირში დაწესებულია დღესასწაული – ევროპის დღე, რომელიც ყოველ წელს 9 მაისს აღინიშნება. იგი უკავშირდება 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერ შუმანის მიერ პარიზში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ევროპული ინტეგრაციის იდეა წამოაყენა. ამიტომ ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.[3] დღეს ევროკავშირის ლიდერები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომლებიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპინტეგრაციის პროცესში.

ევროკავშირის ინსტიტუტები

ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროკავშირს განასხვავებს მისი უნიკალური სტრუქტურა, სადაც შექმნილია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს და თითოეულ მათგანს დიდი როლი აკისრია გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ, ევროკავშირში შემავალი ორგანოები და ინსტიტუტებია: 1) ევროპის კავშირის საბჭო, ევროპული საბჭო, ევროპის პარლამენტი, ევროკომისია; 2) ევროპულ თანამეგობობათა სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო; 3) ევროპის კავშირის საფინანსო ორგანიზაციები: ევროპის ცენტრალური და საინვესტიციო ბანკი, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი. 4) ევროპის რეგიონთა კომიტეტი; 5) ევროპის პოლიტიკისა კომიტეტი; 6) ევროპის უშიშროების კომიტეტი; 7) გარემოს დაცვა: ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო(EEA); 8) სოციალურ-შრომითი სფერო: ევროპის განათლების ფონდი: (ETF), ევროპის შრომის, უსაფრთხოებისა ჯანმრთელობის დაცვის სააგენტო(OSHA), ცხოვრებისა და მუშაობის გაუმჯობესების ევროპული ფონდი(EUROFOUND). 9) სამედიცინო და სურსათის სააგენტოები:ევროპის წამლის სააგენტო(EMEA), ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახური(EFSA),დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC). 10) მრეწველობა, ტრასპორტი და ტელეკომუნიკაცია: ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო(EMSA),ევროპის საჰაერო უსაფრთხოების სააგენტო (EASA). 11) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტო (FRONTEX). 12) ევროპის უსაფრთხოება: ევროპის თავდაცვის სააგენტო (ADE/EDA).[4]

ევროკავშირის ღირებულებები

ევროპის კავშირი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლონა (ტოლერანტობა), სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალთა და მამაკაცთა (გენდერული) თანასწორობა. აღსანიშნავია ევროპის კავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის პირველი თავი, სადაც განსაზღვრულია ადამიანის ღირსება, სიცოცხლის უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება, წამების, ადამიანის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვა და მე-2 თავი – თავისუფლებები, სადაც აღსანიშნავია ისეთი უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივიცემა, პერსონალური მონაცემების დაცვა, ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, ხელოვნებისა და მეცნიერების თავისუფლება, განათლების უფლება, პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და შრომის უფლება, მეწარმეობის უფლება, საკუთრების უფლება, თავშესაფრის უფლება, დაცვა დეპორტაციის, გაძევების ან ექსტრადიციის შემთხვევაში.[5] მოცემული მუხლების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი დემოკრატიული და სამართლიანი გაერთიანებაა, რომელიც ადეკვატურად იცავს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებს, რაც მისი ღირსების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი კომპონენტია.

წევრი სახელმწიფოების როლი ევროკავშირში

ჩემი აზრით, ევროკავშირში წევრი სახელმწიფოების როლი ფასდაუდებელია, რადგან აღნიშნული გაერთიანება უზრუნველყოფს იმას, რომ წევრ ქვეყნებში არსებობდეს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და დაცვის უფლება, კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპები დანაშაულისა და სასჯელის განსაზღვრისას, ერთი და იმავე დანაშაულებისათვის ორჯერ სისხლის სამართლებრივი წესით დევნის ან დასჯის დაუშვებლობის უფლება, რაც გათვალისინებულია ევროპის კავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის მე-6 თავით – მართლმსაჯულება. დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მოიუკერძოებლობის სამართლებრივი პრინციპების აღსრულება ხელისუფლების დანაწილების სისტემაში, რომელიც შედგება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო განშტოებისგან. წევრი სახელმწიფოებისათვის ევროკავშირში ყოფნა არის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური, რელიგიური, სამართლებრივი და ტერიტორიული სტაბილურობის, მშვიდობისა განვითარების გარანტი. ევროკავშირში წევრობა აგრეთვე ნიშნავს სახელმწიფოში მცხოვრებ მოაქალაქეთა უფლლებების დაცვის შესაძლებლობას, რადგან ძირითადი უფლებების ქარტიაში ადამიანებს მინიჭებული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის, საცხოვრებლის არჩევის, გადაადგილების, დიპლომატიური დაცვის და სხვა უფლებები.

საინტერესოა ისიც, რომ ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და გეოგრაფიულ კრიტერიუმებს.[6] იყო ევროკავშირის წევრი ნიშნავს რომ ისწრაფოდე ცოდნის, თავისუფლებისა და ინოვაციისკენ. შესაბამისად, თუ გვინდა გახდეთ მოცემული დიდი და მყარი ოჯახის წევრი, როგორც სახელმწიფოს ჩენც გეკისრება ვალდებულებები. მაგალითად, საქართველოს აქვს ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, რაც მოიცავს საქართველოს დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა.[7] ბუნებრივია ამგვარი თანამშრომლობა  მოითხოვს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

ევროპეიზაციის ცნება და მნიშვნელობა

ევროპეიზაციას საკმაოდ ბევრი განმარტება აქვს, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ მეცნიერებაში გამოვიყენებთ მოცემულ ტერმინს. პოლიტიკურ მეცნიერებებში ის ცვლილებებს ასახავს საშინაო ასპარეზზე, ანთროპოლოგიურ მეცნიერებაში ევროპეიზაცია აღნიშნავს ,,თვითგამოხატვის სტრატეგიას და ადამიანების იდენტიფიკაციის ფორმას”, ეკონომისტების აზრით კი ევროპეიზაცია არის ევროპაში სახელმწიფოებს შორის არსებული თანამშრომლობის რამდენიმე მოდელი, რაც შესაძლოა მოიცავდეს რეგიონული ეკონომიკის საკითხებსაც.[8] მიმაჩნია, რომ ევროპეიზაცია არის პოლიტიკური გაერთიანების პროექტი, სადაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა მოიაზრება, როგორც ერთიანი და ძლიერი ერთეული, სადაც უნდა მოხდეს კულტურათა დაახლოება, ქვეყნებს შორის დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობების ზრდა. ევროპული, ევროკავშირის დონის ინსტიტუტების დანერგვა განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მოითხოვს კომპლექსურ მიდგომებს, გარკვეულწილად საერთაშორისო სტანდატებით ხელმძღვანელობასაც, რადგან თუ გინდა განვვითარდეთ, უნდა ვისწავლოთ მათგან ვინ განათლებული, პროფესიულად მყარი, შემდგარი, კომპეტენტურია, სამაგალითოა ჩვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რთულია როგორც პიროვნულ, ასევე სახელმწიფოს განვითარებაზე საუბარი. ნიშანდობლივია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებაც არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.

ამდენად, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპტალის თავისუფალ გადაადგილებას ერთიან, შიდა ბაზარზე, იღებს კანონმდებლობასა და წარმართავს საშინაო საქმეებს, უზრუნველყოფს საერთო საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ვაჭრობის განვითარებას. ევროპის კავშირი აგრეთვე უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და რეგიონული ეკონომიკის სტაბილურობას, საერთაშორისო მშვიდობის დამყარებას, რაც საქართველოს განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი, მოქმედებს საერთო სავიზო პოლიტიკა, რისი მეშვეობითაც მოქალაქეები თავისუფლად, დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან. ევროპის კავშირი უმკლავდება ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორებიცაა საერთაშორისო კლიმატის ცვლილებები, ენერგეტიკა, ტერორიზმი, ნეპოტიზმი, კორუფცია, ტრეფიკინგი, ნარკოდანაშაული და კრიმინალის ზრდა. ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობა სწორედ საქართველოში აღნიშნული გამოწვევების გამკლავების მნიშვნელოვანი გარანტიაა.


* ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის სასწავლო კურის „ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი“ სტუდენტი

[1] ალექსანდრე დევიძე, გიორგი მირიანაშვილი, ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი, 2019, გვ. 7-15.

[2] ევროკავშირი მშვიდობის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, 13.10.2012, <https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3350/?year=2012&month=12> [30.11.2021]

[3] Symbols of the European Union, <https://european-union.europa.eu/principles-countries-history/symbols_en> [30.11.2021]

[4] ირაკლი პაპავა, ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები, საბაზისო აქტები და კომენტარები, 2014, თბ., გვ. 45.

[5] ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020, თბ., გვ. 3-10.

[6] ალექსანდრე დევიძე, გიორგი მირიანაშვილი, ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი, 2019, გვ. 14.  

[7] ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 11/09/2014, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0> [30.11.2021]

[8] სერგი კაპანაძე, პირობითობისა და სოციალიზაციის გავლენა ევროპული პოლიტიკის მაკოორდინირებელი შიდა ინსტიტუტების ტრანსფორმაციაზე აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში, დისერტაცია, თბილისი, 2009, გვ. 10.  <https://www.tsu.ge/data/file_db/library/su-sergi%20kapanadze.pdf> [30.11.2021]