ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება

ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება: შეასრულა თუ არა საქართველომ შეთანხმებული წინაპირობები?

მალხაზ ნაკაშიძე - 6 სექტემბერი 2021

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირის მიერ კოვიდ პანდემიის გასამკლავებლად გამოყოფილ მაკროფინანსურ დახმარებაზე, რადგან ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა და სურს საგარეო ვალი შეამციროს. თუ ოფიციალურ ციფრებს შევხედავთ, დღეისთვის საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,002 მლრდ დოლარს შეადგენს.[1] მართალია მთავრობა აცხადებს, რომ საგარეო ვალს ამცირებს, თუმცა 2021 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს მთავრობას 4 მილიარდი ლარი აქვს ახალი საგარეო ვალი აღებული[2] და აქამდე მსგავსი ინიციატივა არ ჰქონია.

2021 წლის აგვისტოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული საქართველოს მოსახლეობის 41% ყველაზე მნიშვნელოვნად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38% – სიღარიბეს და 29% ინფლაციას. ამასთან, სიღარიბის მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 42% – ფასების ზრდას, 19% კი სიღარიბეს. კითხვაზე მიიღეთ თუ არა რაიმე სახის ფინანსური დახმარება კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, 52 %-მა თქვა რომ დახმარება საკმარისი იყო, 48 %-ის აზრით დახმარება საკმარისი არ იყო. არსებული მთავრობის საქმიანობას, 52% ცუდად, 36% კარგად აფასებს, ხოლო 9%-მა პასუხი არ იცის. გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიდის.[3] ასეთ ვითარებაში რამდენად დამაჯერებელია მთავრობის მტკიცება რომ საგარეო ვალს ამცირებს და ამიტომაც თქვა უარი კონკრეტულად ევროკავშირის დახმარებაზე?

ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეათანხმების გაფორმება

გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთავრობის აღნიშნულ განცხადებამდე. როგორც გახსოვთ, 2021 წლის 19 აპრილს, ხანგრძლივი ფასილიტაციისა და მედიაციის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერა შეთანხმების კომპრომისულ დოკუმენტს.[4] შეთანხმება ითვალსიწნებდა პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხების გადაწყვეტას, ამნისტიის კანონის მიღებას, საარჩევნო რეფორმას, სასამართლო რეფორმას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის გადახედვას, პარლამენტში კომიტეტებში ძალაუფლების განაწილებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას თუ ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43 %-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებდა. შეთანხმებას შეურთდნენ პარტიები და ცალკეული არჩეული პარლამენტის წევრები. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა შემდეგ პარტია პარლამენტში შვიდა. შეთანხმებით გათვალისიწინებული იყო ცვლილებების გახორციელების ვადები და პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთათანხმების დატოვება

2021 წლის 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ აღნიშნულ შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლის კობახიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან 100 დღის თავზე, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, აშკარაა, რომ მან თავი ამოწურა და, შესაბამისად, ის ანულირებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ და 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება მათი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას მათი ამომრჩეველი არ აპატიებს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის დაპაუზებით და 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებით, მმართველი პარტია პირნათლად ასრულებდა 19 აპრილის შეთანხმების თითოეულ პუნქტს.[5] სინამდვილეში ჩანდა, რომ მმართველ პარტია ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს და წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვის ფონზე, ოპოზიციის ბრალეულობის მომიზეზებით დატოვა შეთანხმება.

საქართველოს მთავრობის „უარი ევროკავშირის დახმარებაზე“

2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკაშირის 75 მლნ ევროიანი სესხის აღებისგან.[6] მან ასევე დაამატა, რომ ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე.[7] პრემიერ მინისტრის ამ განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას, ფინანსური დატვირთვა პრაქტიკულად აღარ აქვს, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული და ბიუჯეტში დამატებით „მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა პროგნოზირებულთან შედარებით, არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი, 12.7% იყო პირველი 6 თვის მაჩვენებელი, მაშინ, როდესაც პროგნოზი ამის ნახევარიც არ იყო“. მან ასევე მიუთითა, რომ ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, ქართული ოცნება ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე უარის სანქციად შეფასება იქნება სრული სპეკულაცია.[8] ეს იყო 2021 წლის 28 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გაგრძელება, რითაც მმართველმა პარტიამ მეორეჯერ ღიად განაცხადა უარი ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

ოპოზიციის, მმართველი პარტიის და სხვების რეაქცია გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირის დახმარების შესახებ პრემიერის განცხადება მკაცრად გააკრიტიკეს[9] და სპეციალური წერილით ევროკავშირსა და ნატოს მიმართეს.[10] ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას შუერთდა.[11] განცხადებები გააკეთეს იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც ფორმალურად პასუხისმგებელნი არიან ევროინტეგრაციის პროცესზე ქვეყანაში. კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ ცვლილებები განახორციელა და რაღაც ნაწილში ევროკავშირი ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი და მისი აზრით, თბილისსა და ბრიუსელს შორის განსხვავებული აღქმებია და სასამართლო რეფორმის განხორციელებით დიდწილად შესრულდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მისი განმარტებით, ევროკავშირის 75 მლნ ევროს ოდენობის სესხზე, დამატებითი ვალის აღება გაუმართლებელი იქნებოდა იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა. ამგვარი ქმედება არ უნდა იქნას განხილული ისე, თითქოს ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსიდან გადახვევას გეგმავს.[12] პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ ის ფინანსისტი არ არის და ამ საკითხს ვერ შეაფასებს, ენდობა მთავრობის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებიც ბიუჯეტთან და ფინანსებთან დაკავშირებით მუშაობენ.[13]

ქართულ ოცნებას ევროკავშირის დახმარებაზე უარის გამო გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან განაცხადა, რომ როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული  75 მილიონ ევროიანი  (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი. გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა  ძნელად გასაგებია.[14] პრეზიდენტის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებში ფორმალურად მონაწილე პირის პოზიციის დაფიქსირების მცდელობა, თუმცა როგორც ბევრმა ექსპერტმა და დამკვირვებელმა სამართლიანად აღნიშნა, პრეზიდენტი თავად იყო ჩართული სასამართლო სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებში (მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრის დანიშვნა, კანონების მიღება და სხვა) და უკეთესი იყო სასამართლო რეფორმის ჩავარდნის შესახებ გაეკეთებინა განცხადება. სწორედ ამ მიზეზით ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური მხარდაჭერა, თუმცა მსგავსი შეფასება პრეზიდენტის მხრიდან არ მოგვისმენია.

საკითხს ასევე გამოემაურნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაბი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა. ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება “თავს იკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან, რაც წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორციელებელ რეფორმებზე და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა.[15]

ყველაზე საყურადღებო იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის განმარტებები, რაც მთავრობის პოლიტიკის მკაცრ კრიტიკას მოჰყვა. ღარიბაშვილმა წმინდა პოპულისტური ხასიათის, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა, როცა თქვა რომ „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“ „თუ მათ (ევროპარლამენტარებს) აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ“.[16] უფრო მეტიც, მან თქვა, რომ „სასამართლო რეფორმის 4 ტალღა გავატარეთ, რამაც რეალურად ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ დღეს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ამას ადასტურებს კვლევები, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვები. სასამართლო რეფორმა გაგრძელდება“.[17] ამგვარი შეფასებები არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხშირად იყენებენ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირები, როცა ამბობენ რომ მათ გააჩნიათ სუვერენული დემოკრატია, ევროკავშირი საშინაო საქმეებში ვერ ჩაერევა და აშ. სამწუხაროდ ხშირად იგივეს იმეორებენ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რასაც ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ იყენებს  რუსეთის ფედერაცია.

რუსეთის ფედერაციის რეაქცია

საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სწრაფად გამოეხმაურა კიდეც რუსეთის ფედერაცია. ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 1 სექტემბერს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვი ნებისმიერ დროს მზადაა საქართველოსთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობები ჰქონდეს, თუ მას ეს სურს, იმ პირობით, თუ არ მოხდება თბილისის მიერ რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გეგმავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალა, ვინაიდან ვერ მიიღო თბილისის მხრიდან ბოდიში 2019 წლის ივნისში ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციების შემდეგ.[18] საქართველოს ცალსახა პოზიცია არის რომ როცა რუსეთის ფედერაციას ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს, მათთან რაიმე სახის მოლაპარაკებები შეუძლებელია ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიიდან, უკან არ წაიღებს აღიარების გადაწყვეტილებას და არ დაასრულებს ოკუპაციას. თუმცა ისიც ცხადია, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მიმართებით გადადგმული ყველა არასწორი ნაბიჯი თავის სასარგებლოდ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს.

შეთანხმება ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან

ევროკავშირთან ურთიერთობის ასეთი განვითარების ფონზე, საგულისხმოა კიდევ ერთი საკითხი. 2021 წლის 1 აგვისტოსდან ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება. დოკუმენტი 13 აგვისტოს ოფიციალურად გამოქვეყნდა ბელარუსის შესაბამისი ორგანოს ვებსაიტზე.[19] შეთანხმებას მხარეებმა ხელი მოაწერეს 2016 წელს. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება 2020 წლის 6 აგვისტოს შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე.[20] შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია, ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

სრულიად გასაგები პროტესტი გამოიწვია ამ ფაქტმა საქართველოშიც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. საქართველოს მთავრობა თითქოს უარს აცხადებს ევროკავშირის დახმარების მიღებაზე და პარალელურად შეთანხებას აფორმებს ლუკაშენკოს ავტორიტარულ რეჟიმთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ საქართველოს მიერ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებულ შეთანხმებას სამარცხვინო უწოდა. ელჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ ცოტა ხსნის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა, თუ ამას არ დატოვებენ, კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მათი პრიორიტეტები სხვაგან არის.[21] საკითხს ასევე გამოეხმაურნენ ევროპარლამენტში. ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს მიერ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებულ შეთანხმებას საშიში უწოდა. მან დაწერა რომ “ნამდვილად ძალიან საშიშია. რატომ ახდენ საქართველო შეთანხმების იმპლემენტაციას 5 წლის შემდეგ, იმ სიტუაციაში, როცა სხვა ყველამ მსოფლიოში უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ გადასცეს ლუკაშენკოს ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები.[22] ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა, რომელიც ყოველთვის საქართველოს დიდი მხარდამჭერით გამოიღჩევა, დაწერა, რომ „ამ ფაქტის დაჯერება უჭირს: საქართველომ ბელარუსის კბგ-სთან ხელშეკრულება დადო? ვერ ვიჯერებ, მაინც ხუმრობა მგონია. თუ სიმართლეა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატოში ძალიან ბუნდოვანი იქნება.[23] საქართველოს პარტნიორები მიუთითებენ რომ ქვეყნის მთავრობა ქვეყანას მოსკოვის ორბიტაზე აბრუნებს.[24] ასეთი კრიტიკის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ბელარუსთან შეთანხმება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას არ ავალდებულებთ.[25]

უდავოა რომ ბელორუსის სპეცსამსახურთან მსგავსი შეთანხემის ამოქმედება წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოსთვის. თუ გავითვალსიწნებთ რუსეთ-ბელორუსის ინტეგრაციის პროცესებს, ეს ფაქტიურად რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურთან თანამშრომლობის ტოლფასი შეიძლება იყოს. ამ შეთანხმების შესახებ უკმაყოფილება გამოხატეს ბელორუსის ოპოზიციის, ავტორიტარული რეჟიმისგან დევნილმა პირებმა, მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა ბელორუსის მოქალაქეებმა, რომლებმაც დაინახეს საფრთხე რომ ისინი შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ ბელორუსს გადასცეს.

რა მოხდა რეალურად ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირები?

2020 წლის აპრილში, კოვიდ-პანდემიის კრიზისის დასაძლევად, საქართველოს მთავრობის თხოვნის შესაბამისად, ევროკავშირმა 2020 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს გამოუყო მაკროფინანსური დახმარება 150 მილიონი ევროს ოდენობით.[26] ეს იყო შეღავათიანი სესხი (დაახლოებით 0.12 %) 15-წლიანი ვადით. თანხა ორი ტრანშის სახით იყო გათვალისინებული, საიდანაც საქართველომ 75 მილიონი 2020 წლის ბოლოს მიიღო, ხოლო მეორე 75 მილიონის მიღება დამოკიდებული იყო ევროკომისიის შეფასებაზე საქართველოს მიერ ნაკისრი წინაპირობის შსრულებაზე, სადაც უმთავრესი იყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო: ა) გააძლიერებს გამჭვირვალობას და დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევის კრიტერიუმებს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას. კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნებით, ერთიანობისა და კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით; ბ) წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტს უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნის შესაბამისად; გ) თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში ამჟამად არსებული წესების ფარგლებში დანიშვნების განხორციელებისგან; დ) მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც განახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას 2019 წლის ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების შემუშავებით.[27]

როგორც ვხედავთ, ამ დახმარების მიღება სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებასა და 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულებაზე იყო დამოკიდებული. ამის შესახებ ევროპული საჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 2021 წლის 19 ივლისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სპეციალურ ბრიფინგზე ცალსახად განაცხადა.[28] მოგვიანებით, 2021 წლის 23 აგვისტოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან  შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მან ასევე მიუთითა, რომ მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში.[29] უკვე 31 აგვისტოს ევროკავშირმა პრემიერ მინისტრის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რომ პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილი, თუმცა დასძენს, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.[30]

ამდენად საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ მათ უარი თქვეს ევროკავშირის დახმარებაზე ქვეყნის საგარეო ვალის შემცირების გამო, არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად საქართველოს ხელსფლებამ არ შეასრულა ამ დოკუმენტში ხელმოწერილი წინაპირობები, მიიღო არა ერთი გაფრთხილება და საბოლოოდ მოსალოდნელი იყო დახმარების შეჩერება ევროკავშირის მიერ. მართალია საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა რომ „პირნათლად“ შეასრულეს ვალდებულებები, თუმცა ევროკავშირის ყველა შეფასებით ეს ვალდებულებები საქართველოს მთავრობას არ შეუსრულებია. ამიტომაც როგორც ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ ერთგვარად დაასწრო ევროკავშირს და გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც მისთვის წინასაარჩევნო ნაკლებად დამაზიანებელი იქნებოდა.

რეალურად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობამ ვერ მიიღო დახმარება რომელიც მათთვის გამოყო ევროკავშირმა კოვიდ-19-ის პანდემიის დასამარცხებლად. ამ დროს ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური და ეპიდემიური ვითარება. ყოველდღიურად 86 ადამიანი იღუპება კორონავირუსის გამო. საქართველოს მთავრობის ამგვარმა ქმედებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და იგი უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან ურთიერთობებზე. მომავალში საქართველოს აუცილებლად დასჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური. ქვეყანა დამოუკიდებლად არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება ევროინტეგრაციის, დემოკრატიული ტრანსფორმაციის და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

ასეთი განვითარების პირობებში, საქართველოს მთავრობის ამბიცია რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს, არასერიოზულად გამოიყურება. განაცხადის გაკეთება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ თუ ქვეყანა არ შეასრულებს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალსიწინებულ რეფორმებს, მათ შორის მართლმსაჯულების, დემოკრატიული ინსტიტუტების გძლიერების და ადამიანის უფლებების სფეროში, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულელებებია, ეს განაცხადი  კიდევ უფრო გაართულებს ინტეგრაციის პროცესს. საქართველო სათანადოდ უნდა მოემზადოს და ხელშესახები ცვლილებები განახორციელოს უახლოეს წლებში.

მალხაზ ნაკაშიძე

ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი

ბათუმი, 6 სექტემბერი 2021


[1] ვისი ვალი აქვს საქართველოს, კომერსანტი, 2021-08-29, <https://bit.ly/3n4wawt>  [6.09.2021]

[2] საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები, ანგარიშგების პერიოდი: 01/01/2021-01/08/2021, 2021 წლის ხაზინა, <https://bit.ly/38JRcs0>[6.09.2021]

[3] საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2020 წლის აგვისტოს სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ <https://bit.ly/3n6NXmz> [6.09.2021]

[4] სამომავლო გზა საქართველოსთვის, 2021 წლის 19 აპრილი, <https://bit.ly/3n9wCcP> [6.09.2021]

[5] „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს, 28.07.2021, <https://bit.ly/3DMpqt4> [6.09.2021]

[6] პრემიერი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის აღებისგან, 31/08/2021 <https://civil.ge/ka/archives/437861> [6.09.2021]

[7] ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება “თავს შეიკავებს” EU-ს €75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე, 31 აგვისტო 2021, <https://bit.ly/3kZCNxm> [6.09.2021]

[8] მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფასებს, 30-08-2021, <https://bit.ly/3h7CnEe> [6.09.2021]

[9] ოპოზიცია ევროკავშირის დახმარების შესახებ პრემიერის განცხადებას აკრიტიკებს, 31/08/2021 <https://civil.ge/ka/archives/437952> [6.09.2021]

[10] ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირსა და ნატოს მიმართეს, ამერიკის ხმა, 02 სექტემბერი, 2021 <https://bit.ly/3tgZ5yo> [6.09.2021]

[11] ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს, ნიკა მელიას საგანგებო განცხადება, 1 სექტემბერი 2021, <https://bit.ly/2YtSBB4> [6.09.2021]

[12] ზალკალიანი ევროკავშირის სესხზე უარის თქმის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, 02/09/2021, <https://bit.ly/2YlhjmW> [6.09.2021]

[13] ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე EU-ს დახმარებაზე: მე არ ვარ ფინანსისტი, 03 სექტემბერი 2021  <https://bit.ly/3h21VTe> [6.09.2021]

[14] საქართველოს პრეზიდენტი – განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია, 02.09.2021, <https://bit.ly/3yNl2WQ> [6.09.2021]

[15] ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა, 31 აგვისტო, 2021, <https://bit.ly/2WOBLwl> [6.09.2021]

[16] ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, 1 სექტემბერი 2021, <https://bit.ly/3n8ZLVw> [6.09.2021]

[17] ჩვენი სასამართლო ბევრად წინ უსწრებს EU-ს წევრების სასამართლო სისტემას – პრემიერი, 1 სექტემბერი, 2021, <https://bit.ly/3h7Hc07> [6.09.2021]

[18] რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, 1 სექტემბერი 2021 <https://www.youtube.com/watch?v=SPfWacmgluo&t=3116s> [6.09.2021]

[19] Соглашение о сотрудничестве между Комитетом государственной безопасности Республики Беларусь и Службой государственной безопасности Грузии,  Национальный правовой Интернет-портал Республики Беларусь, 13.08.2021, 3/3870 <https://bit.ly/3DJtaM1> [6.09.2021]

[20] საქართველოს მთავრობის დადგენილება №479, 2020 წლის 6 აგვისტო, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე, ვებგვერდი 07/08/2020,  <https://bit.ly/3h7if58> [6.09.2021]

[21] Ian Kelly, Shameful indeed. The Georgian Govt recently withdrew from an agreement brokered by the EU – if they don’t from this, it will be another sign that their priorities lie elsewhere. August 14, 2021 <https://bit.ly/3n3NnWK> [6.09.2021]

[22] Viola von Cramon, 14 აგვისტო, 2021  <https://bit.ly/3zTlmFe> [6.09.2021]

[23] Linas Linkevicius, August 14, 2021 <https://bit.ly/2YlgRVM> [6.09.2021]

[24] Georgia Turns Its Back on the West The ruling Georgian Dream party is taking Tbilisi into Moscow’s orbit while eroding democratic institutions, AUGUST 20, 2021 <https://bit.ly/3kYYEFc> [6.09.2021]

[25] სუს-ის მტკიცებით, ბელარუსთან შეთანხმება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას არ ავალდებულებთ16 აგვისტო  <https://bit.ly/3A0xrsh> [6.09.2021]

[26] Letter from EU Ambassador Carl Hartzell to Prime Minister Giorgi Gakharia, 21/04/2020 <https://bit.ly/3jKTZHC> [6.09.2021]

[27] Macro-financial assistance, MFA in the context of the COVID-19 pandemic, 22 April 2020, <https://bit.ly/3n58l7V> [6.09.2021]

[28] Press statement by President Michel Press statement by Charles MICHEL, President of the European Council, during his visit to Georgia on 19 July 2021, in Batumi, <https://bit.ly/3DZQKnU> [6.09.2021]

[29] Charles Michel, Underlined to prime minister Gharibashvili that reforms are as needed as ever August 24, 2021 <https://bit.ly/3yLRSYc> [6.09.2021]

[30] ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ჯულიენ კრამპის განცხადება საქართველოს მთავრობის შეტყობინებაზე ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების მოთხოვნისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით, 31/08/2021 <https://bit.ly/3DHRJZJ> [6.09.2021]